„ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთით მრავალი წელი აღარ გაფართოვდება. ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა, რითიც ჩვენც უნდა ვიხელმძღვანელოთ. სწორედ იმას ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, უსაფრთხოების პრობლემების დროს არც ევროპაში, არც ნატო-ში არავინ აპირებს, საქართველოს ომის შემთხვევაშ, აქ შემოსვლას. ჩვენი ფრთხილი და რაციონალური ნაბიჯები სწორედ ამიტომ იყო, რადგან ვაცნობიერებდით რა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი აიღო ნატო-ზე, როგორც მუდმივად გაფართოებად ორგანიზაციაზე. – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, „ეს ახალი არ არის, მრავალი წელია, ეს ტენდენცია მიდიოდა“.
"ამ დოკუმენტიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ვთქვათ, რომ სამყარო რეალისტურ გარემოშია, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის თამაშში მიდის და გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლაა. ამ ბრძოლაში, ამ გადანაწილებიდან ჩვენი ქვეყანა ნაკლები ზიანით უნდა გამოვიდეს. სამწუხაროდ, ნატო-ს გაფართოების კარი, მრავალი წელია, დახურულია. რაც გვესმის, მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, გამხნევება მხოლოდ სიტყვების დონეზე, თუმცა პრაქტიკაში, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ნატო-ს კარი დაკეტილია. ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ ნაწილში დაკეტილია. ამ დოკუმენტმა ეს აღიარება ფორმალურად გააფორმა“, – აღნიშნა მახაშვილმა.
მისივე თქმით, ნატო ამერიკის გარეშე არაფერს წარმოადგენს, როგორც უსაფრთხოების გარანტორი და ორგანიზაცია.
„ამერიკის სიტყვა გადამწყვეტია ნატო-ს მომავლის თაობაზე, თუმცა ამერიკა მხოლოდ ერთადერთი არ არის, რომელიც ნატო-ს გაფართოებას სკეპტიკურად უყურებს. ამიტომ ამერიკის პოზიციებს ყურადღებით უნდა ვუყუროთ. დონალდ ტრამპის განცხადებები მხოლოდ მისი არ არის, ეს განწყობა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში, დიდი ხანია, არსებობს. ამერიკის მთავარი ოპონენტი ჩინეთია, სხვა მსხვილი აქტორები და დაახლოებით 15 წელია, რაც ამერიკის ყურადღება სხვა რეგიონებზე გადადის. სამწუხაროა, მაგრამ დიდი ხანია, ნატო-ს გაფართოების კარი დახურულია. ჩვენ როცა ჩვენს უსაფრთხოებას ვგეგმავთ, ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში. ეს არ ნიშნავს, რომ თვითგვემას უნდა მივეცეთ. საკითხს პრაქტიკულად, ცივილურად და რაციონალურად უნდა მივუდგეთ და გადაწყვეტილებები ასე მივიღოთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა.









