ოპოზიციას თუ მოუსმენ, მათი შეფასებით, ყველაფერი ოპოზიციის დევნაა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ სასამართლოთიც დადასტურდა, რომ იმ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ რაც ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოზე დადასტურდა, რომ 9 მილიონი, ხალხის ფული იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც რაიმე ტიპის სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში და ა.შ. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცნო.

შეგახსენებთ: სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.