ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს იგივე ხარისხის განათლება, როგორსაც მიიღებდა ევროპის წამყვან ქვეყანაში. უნივერსიტეტების გაერთიანებაც, რა თქმა უნდა, ამაზე მეტყველებს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ხელისუფლების მიზანი, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხს კი, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური აქტივობებისთვის და სპეკულაციებისთვის იყენებს.

"ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს იგივე ხარისხის განათლება, როგორსაც იგი მიიღებდა ევროპის წამყვან ქვეყანაში. უნივერსიტეტების გაერთიანებაც, რა თქმა უნდა, ამაზე მეტყველებს, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსი იყოს მაქსიმალურად ოპტიმიზებული და ისე გადანაწილდეს, რომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის ამაღლებას. რა თქმა უნდა, თვითონ პროფესორების ნაწილში არავის არაფერი ემუქრება. რიგი აქტორები ამ ყველაფერს იყენებენ რაღაც პოლიტიკური აქტივობისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი რამ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში დაწყებული უპრეცედენტო ინვესტიციით, გაგრძელებული სხვადასხვა ტიპის რეფორმებით, ნებისმიერ თემას ისინი იყენებენ რაღაც საბაბად, რათა მოაწყონ აქციები და შემოიტანონ დესტაბილიზაცია ჩვენს საზოგადოებაში. როდესაც ისინი ასეთ ისტერიკაში არიან, ეს ინდიკატორია ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ესე იგი ყველაფერი კარგად არის და სწორ გზას ვადგავართ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.