მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა საკმაოდ დიდი, ალბათ ეგზისტენციური შეცდომა დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, ცდილობენ, რაღაცნაირად ისე გადალაგდნენ, რომ თავი შეინარჩუნ, რელევანტურობა არ დაკარგონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მთელი ეს გადალაგება-გადმოლაგების მცდელობები ამას უკავშირდება, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება და ისევ მარგინალურ ძალებად დარჩებიან, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ ხედავს მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წამყვანი როლით და ხელმძღვანელობით ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივას, რაც მამუკა ხაზარაძის ინიციატივაა.
„ეს მათი არჩევანი იყო. მათ ასე გადაწყვიტეს, რომ პატივი არ სცეს საკუთარი ამომრჩევლის ხმას და გადაწყვიტეს, სხვა ტიპის პოლიტიკურ თამაშებში შესულიყვნენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა მათი ნაბიჯი თანმიმდევრული, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი არჩევანია, ასე მიიჩნევდნენ, თუმცა ფაქტი ფაქტია, არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა.
„მარტო ხელისუფლებისადმი არა, ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ ოპოზიციასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძლიერი მანდატი მისცა მოსახლეობამ. 61 მანდატი აიღო ოპოზიციამ, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია ამ მხრივ, მაგრამ მათი არჩევანი იყო ასეთი, როგორიც იყო, რომ წასულიყვნენ ესკალაციაზე, დესტრუქციაზე. თუ ამ ძალებს აქვთ რამე ინტერესი და ამბიცია საერთოდ, რომ ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენენ, აგერ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ის არჩევნები, სადაც ყველაზე ახლოს არიან მოსახლეობასთან, ადგილობრივ თვითმმართველბებზე მაქვს საუბარი, და დაამტკიცონ იქ, რომ ნამდვილად, რეალურად რამეს წარმოადგენენ. ეს ჩვენი მხრიდან უფრო რიტორიკული საკითხია, რადგან ვიცით, რასაც წარმოადგენენ და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ ასე საკუთარი თავის გარიყვას პოლიტიკური სივრციდან, ეს მათივე მომავლისთვის იქნება ცუდი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.