დაახლოებით ორი კვირაა, რაც საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ევრობიუროკრატები ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს მორიგ რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ.
„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციების დროს, რომლებიც მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის ცალკეული წევრების მხრიდან ძალის გადამეტების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელებზე ათასამდე დატრენინგებული ადამიანი ძალადობდა, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გადაამეტა უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ შემთხვევებზე რეაგირება და დამნაშავენი კანონის შესაბამისად დაისაჯნენ.
ბრიუსელის მხრიდან როდესაც 4 ოქტომბერს ოფიციალურად წახალისებული რევოლუციის სცენარი ვითარდებოდა, ვიხილეთ ასობით მოძალადე დემონსტრანტის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამ შემთხვევაში, ჩვენმა სამართალდამცველებმა იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებით ისე აღკვეთეს სახელმწიფოზე მიტანილი ეს იერიში, რომ თმის ღერიც კი არავის ჩამოვარდნია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევრობიუროკრატები ძალადობას, პოლიციისა და პარლამენტის დაწვასა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას მშვიდობიან აქციად ასაღებდნენ, ხოლო შტურმის მოგერიებისთვის, სისტემური ძალადობის დარქმევას ცდილობენ.
დაახლოებით ორი კვირაა, რაც საფრანგეთში სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. საინფორმაციო სივრცე გადაჭედილია ვიდეოებით, რომლებშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ. ხშირ შემთხვევაში ეს ძალადობა ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხორციელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. მცირედი განცხადებაც კი არ დაუწერიათ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც ძალოვანი უწყებების მხრიდან სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება სისტემურ ძალადობად შეგვიფასეს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა გამოუცხადეს ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში ძალადობრივი რევოლუციების აღკვეთის გამო.
ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ევრობიუროკრატები ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად, კრიმინალ სააკაშვილს მორიგ, უკვე მე-9 რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ.
როგორც აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნავს – „ბრიუსელი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს“, – წერს ლევან მაჭავარიანი.









