ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, რითაც გამოეხმაურა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრებას.
მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ იცის საქართველოს მზადყოფნა ახალი პარტნიორობის დაწყებასთან დაკავშირებით.
„სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იყო ჩამოსული და ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა. რაც მთავარია, ამერიკულმა მხარემ ახალი პარტნიორობის დაწყებასთან, რეალურ პარტნიორობასთან და მეგობრობასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა იცის. ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი შევადგინოთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამ გზამკვლევში, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყო ასახული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.











