ძალიან რთულია ბოლომდე ჩაწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე, ევრობიუროკრატები ვიდრე შეიმჩნევენ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და არ გააცნობიერებენ იმ რეალობას, რომ ჩვენ ვართ შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, მანამდე ძალიან რთული იქნება ზოგადად რაიმე კომენტარების გაკეთება მათ განცხადებებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოაწყობს“
„როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებენ, გააცნობიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანიები თვითონ ჩაუტარეს ოპოზიციას, ვერ ჩაგვანაცვლეს არჩევნების გზით, ვერც რევოლუცია მოაწყეს საქართველოში და ამ ყველაფრის გარანტი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია. ვერც მათი ჩარევით დაგვამარცხებენ არჩევნებში. ვერც რევოლუციებს მოგვიწყობენ ბრიუსელის დაფინანსებით. ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი. როდესაც ისინი ამ ყველაფერს გააცნობიერებენ და დაბრუნდებიან რეალურ სამყაროში გამოვლენ ილუზიებიდან ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება, მათ ამ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ლევან მაჭავარინმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.








