კონკრეტულად რასა იუკნევიჩიანეს რაც შეეხება, ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო ეს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სიძულვილით ჩვენი ქვეყნის მიმართ, ადამიანი, რომელიც, დადასტურებული ფაქტია, არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ უახლოესი მოკავშირე და მეგობარი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ მიჩვეული ვართ ევრობიუროკრატებისგან ძალიან ალოგიკურ ქმედებებს და არათანმიმდევრულ ქმედებებს. სხვათა შორის, კონკრეტულად ამ მოხსენებასთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, ბევრი საღი აზრიც მოვისმინეთ ჩვენ და აბსოლუტურად სწორი კომენტირება, რომ „ქართული ოცნება“ დაკავებული არის სუვერენიტეტის გამყარებით. ეს იყო სწორი შეფასება იმ დეპუტატების მხრიდან და ახლა ქალბატონი რასა რას ჩაწერს, რას დაწერს, საერთოდ არ გვაინტერესებს. არც წამიკითხავს, შეიძლება, კიდევ წერია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ბოლო რეზოლუციაში ასე ეწერათ. შესაბამისად, ისეთი აცდენა არის მოცემულობაში ფაქტებთან და ასე შემდეგ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს, ეს ვერც ვერაფერს გააუარესებს და ვერც ვერაფერს გააკეთილშობილებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აქ საქმე არის ძალიან მარტივად.

„კონკრეტული ევრობიუროკრატების მიმართ რა პრეტენზიებიც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, ზუსტად ანალოგიური გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ ბატონი ვენსი როდესაც ჩაბრძანდა მიუნხენში ერთი წლის წინ და შემდეგ როდესაც მათ თავიანთი უსაფრთხოების სტრატეგიაში, ოფიციალურ დოკუმენტში ასახეს ერთი ერთში ის ბრალდებები, რა ბრალდებებიც ჩვენ გვაქვს ევრობიოროკრატების მიმართ. მათთან დალაგება არის ძალიან რთული. ჩვენ დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ნებისმიერ დროს ჩავალთ ევროკავშირში, დავსხდებით და გავივლით ყველა საკითხს. 21 ნოემბერს, როდესაც ასეთი შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რაღაც საბაბებით ჩაშალეს, იქიდან გამომდინარე, რომ არგუმენტებით საუბარი არ აწყობდათ. ან უნდა შეეგუონ, რომ მათი მმართველი აგენტურა – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა, ან უნდა აღიქვან რეალობა, უნდა დასხდნენ და „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკონ, ოღონდ ელაპარაკონ როგორც პარტნიორს და არა როგორც ვასალს. ვიდრე ეს მართლა მათ ცნობიერებაში არ შეიცვლება და მათ მოლოდინი ექნებათ, რომ საქართველოს დაელაპარაკებიან, როგორც ვასალს, აბსოლუტურად არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ყველაფერი დავივიწყოთ და პარტნიორული ურთიერთობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეკითხვაზე, აზიანებს თუ არა დიდი ბრიტანეთის გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყანას რეპუტაციულად და, პირველ რიგში, იმ მედიებს, რომლებიც გახდნენ სანქციების სამიზნე, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ არის პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.

„რატომ დაესხნენ თავს? ხომ არის არგუმენტები ჩამოთვლილი, რომ რაღაც რუსულ ნარატივს ატარებენ, ხომ? მოდით, „იმედზე“ ვისაუბროთ, ვინაიდან პირველ ადგილზე არის თავისი რეიტინგით, თუ არ ვცდები, ოთხჯერ აღემატება სიდიდით მეორე ადგილზე მყოფ ტელემაუწყებლობას და თუ არ ვცდები, სადღაც 40%-მდე არის ქართველი მაყურებლის ნდობა „იმედისადმი“. ესე იგი, ამბობენ, რომ „იმედი“ ატარებს რაღაც რუსულ ნარატივს, ხელს უწყობს უკრაინის რაღაც სუვერენიტეტის ხელყოფას და ათასი სისულელე, ხომ? მოდით, აი, თქვენ იყავით მაქსიმალურად კრიტიკული, ეშმაკის ადვოკატი იყავით, უკაცრავად გამოთქმისთვის და გამიწიეთ ოპონირება. მე ვამბობ, რომ ასეთი არაფერი არ ხდება, არც ბატონი ვლადიმერ პუტინის ქებით არ არიან დაკავებული, არც იმას არ ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენი ოკუპანტი არ არის, არც იმას არ ამბობენ, რომ რუსეთი აგრესორი არ არის უკრაინასთან მიმართებაში. უბრალოდ, ისინი არ იტყუებიან, რაც სჭირდებათ ამ არაფორმალური ოლიგარქიული წარმომადგენლების გავლენებს. ისინი არ იტყუებიანი იმას, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით ნატო-ში მიიღებენ. არავინ არ იღებს და არ იტყუება „იმედი“ და ამბობს, რომ არ იღებენ, რასაც ჰპირდებოდნენ უკრაინას. ხომ ამას ჰპირდებოდნენ? ისინი არ იტყუებიან იმას, რომ სოფლები და ქალაქები, სამწუხაროდ, მიწასთან არის გასწორებული. გასწორებული არის, ხომ? ისინი არ იტყუებიან იმას, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს, რასაც ასევე ჰპირდებოდნენ უკრაინას ომის დაწყების დღიდან და ასობით მილიარდ დოლარზეა საუბარი, გადაცემდნენ უკრაინას, ხომ? არ იტყუება „იმედი“ და ამბობს, რომ არა, არ გადასცემენ, იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. პირიქით რომ ამბობდეს „იმედი“ და იგივე „პოსტივი“, რომ უკრაინა ამარცხებს რუსეთს და იმ ზღაპარში აცხოვრონ ჩვენი ტელემაყურებელი, რა ზღაპარშიც ამ ოლიგარქიული არაფორმალური მმართველების მეინსტრიმ მედია აცხოვრებდა ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მსოფლიოს და, მადლობა ღმერთს, ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, თორემ დღემდე ასე გაგრძელდებოდა. მაგ შემთხვევაში პირიქით, ოქროს მედელს დაჰკიდებდნენ, ყოჩაღ, რა მაგრად საქმიანობ და ასე გააგრძელე საქმიანობაო. ამაზე გვაქვს საუბარი და ვისი იმიჯი უნდა დაზიანდეს? ამით ისევ მათი იმიჯი ზიანდება, ვისმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც რაღაც ზღაპარი შემოაგდო, რომ „კამიტით“ დაგვიწამლავს თურმე საქართველოს მოსახლეობა. კარგი, საქართველო გვერდზე გადავდოთ, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტზეა საუბარი, რომელიც უჩივის და ედავება რამდენიმე მილიარდს. BBC-მ ბოდიში მოიხადა და აღიარა ის, რომ ბატონ ტრამპთან დაკავშირებით დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. როგორ არ რცხვენიათ?“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა სპეციალურად, მას შემდეგ, რაც გამოძიება დაასრულა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა, ღია შეთავაზება გააკეთა და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია.

„ნებისმიერი საერთაშორისო აქტორს, რომელიც რელევანტურია გამოძიებასთან, შეუძლია, ჩამობრძანდეს და აბსოლუტურად ყველა მასალას მიაწვდის მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რატომ არავინ არ გამოეხმაურა? იმიტომ, რომ იციან, ეს რომ ზღაპარია. ახლა ვინმე ჩამოვიდეს, საერთაშორისო საგამოძიებო უწყება და დადასტურდეს, რომ ზღაპარზე ლაპარაკობდა BBC, ხომ თვითონ მოიჭრიან თავის თავს და არ უნდათ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.