საია-ს შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ, პოლიტიკური მიზნების გარდა, საია-ს სხვა მიზნები ამოძრავებდეს, საია-ც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა.
„რაც შეეხება ზღაპრებს მოწამვლასთან და ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა. პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია – ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია, ჩამობრძანდეს და ყველა საგამოძიებო მასალას მივაწვდით, რათა თავიანთი დასკვნა დადონ. ამ შეთავაზებაზე გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა. ძალიან ეჭვი მეპარება, საია-ს, პოლიტიკური მიზნების გარდა, სხვა მიზნები ამოძრავებდეს. საია-ც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“








