საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს, ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ანტიუკრაინული კამპანია აქვს.
„უდიდესი ეროვნული სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ამასობაში, შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას, ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა ფრენები. არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში. ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება, სულ მცირე, კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ ძალიან დიდი მოწიწებით, როცა ვსაუბრობ იმას, რომ, სულ მცირე, კარგად არ იქცევა. აქვს საქართველოს ხელისუფლებას ისტორიული შანსი, ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა, ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნაღა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი, ასევე უმაღლესი თანამებრძოლი მთავარსარდალია. ზელენსკის განცხადების შემდეგ ჩვენ ვნახეთ რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაკფოლის განცხადება, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. ვნახეთ ბილ ბროუდენის მოწოდება, რომელმაც „მაგნიტსკის სიაზე“ იმუშავა და ისიც ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას. ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს, ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.