ნუგზარ წიკლაური „ოცნების“ მსგავსად მგზნებარედ მლანძღავს, ტალახის ნიაღვარი მოდის - ასე გამოეხმაურა ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, თანაპარტიელის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ  „უდავოდ, ვანო მერაბიშვილი არის ჩართული პარტიის შიდა არჩევნებში, ოღონდ  კულისებიდან“. 

„ლევან ხაბეიშვილის უკან რაიმე ცუდის დანახვა უნდა რუსულ პარტიას „ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, ლილუაშვილს, კობახიძეს და იგივე რიტორიკით საუბრობს ეთერებიდან ნუგზარ წიკლაური, რაც წარმოუდგენელია.  თურმე ჩემს უკან დგას ვანო მერაბიშვილი. რაც დაიწყო საარჩევნო კამპანია ვცდილობ სულ ერთობაზე ვისაუბრო, ნუგზარ წიკლაური კი მუდმივად ტალახს ისვრის და არ ვპასუხობ, ახლა პირდაპირ ლანძღვაზეა გადასული. მას სულ ვეფერებოდი, ადამიანების ლანძღვა არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ტალახის ნიაღვარი მოდის, პასუხი უნდა გავცე ბატონ ნუგზარს. ის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა კომენტატორად, გამახსენეთ უკანასკნელ წლებში მისი პოლიტიკური ნამოღვაწარი, რა პრობლემები შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს, ან ვინ ამხილა, ბოლო ეთერებში მგზნებარედ მხოლოდ მე მლანძღავს“,- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.