ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს - ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი. სხვანაირად წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც სასამართლოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, დასანქცირებისთვის უნდა მოემზადონ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურორები და მოსამართლეები.
„დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ნამდვილად არ თქვა, რომ ჩინჩალაძე და მუსურიძე ერთმანეთს ურეკავს და ერთმანეთზე ახორციელებს ზეწოლას ანუ, არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობების პირები, მაგალითად, პროკურორი შოთაძე, ან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია, რომ ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს, ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერთონ, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს. შესაბამისად, უნდა მოემზადონ შემდეგში პროკურორები, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის ხელმძღვანელი, რომელიც სავარაუდოდ, ჩართულია. ასევე დარწმუნებული ვარ, სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთება, ვისაც შემდეგ უკვე ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, ან ზეწოლას ახორციელებდა. ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი. სხვანაირად წარმოუდგენელია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.