მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის ფორმატით ჩაერთვება, წარვადგენთ დასაბუთებულ მოსაზრებას შეზღუდვების პროპორციულობის მართებულობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.
„სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, პარლამენტს მიემართება. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამ რეკომენდაციებს და მათ შესრულებას ყურადღება მიაქციოს. სწორედ ამ სამუშაო ფორმატის განსაზღვრაზე გვქონდა საუბარი. იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც წლების განმავლობაში პარლამენტისთვის გაცემულია სახალხო დამცველის მიერ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ამიტომ ჩემთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. ასევე, საუბარი გვქონდა მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს საკითხი სასამართლოშია გასაჩივრებული და სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის ფორმატით ჩაერთვება. მედიაორგანიზაციებმა მოგვმართეს და სასამართლოში წარვადგენთ ჩვენს დასაბუთებულ მოსაზრებას ამ შეზღუდვების პროპორციულობის მართებულობაზე. მივიღე შესაბამისი თანხმობა, რომ პარლამენტთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად იქნება გაგრძელებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.