ჩვენ გავაგრძელებთ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის საქმის მონიტორინგს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა რეალურად.
„ეს შემთხვევა როდესაც მოხდა, ერთადერთი, რაც მაშინვე გავაკეთეთ, მოვითხოვეთ იმ პერიოდის კადრების დაარქივება. შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ მისული, ნახეს ეს კადრები და მერე გამოქვეყნდა კიდევაც. მანამდეც ჩვენ ვთქვით, რომ ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ არ იყო თვითონ საკანი შიგნით, მაგრამ კორიდორის კადრები და ის კადრები, რაც ვნახეთ, რაღაც განსაკუთრებული ეჭვის საფუძველს არ ქმნიდა, ეჭვს არ იწვევდა. შესაბამისად, ამასთან მიმართებაში ის რაღაც აჟიოტაჟი, რაც იყო ატეხილი, რომ იქ ვიღაც შეიყვანეს, ნაცემი შეიყვანეს, მერე გამოიყვანეს, ამ კადრების მიხედვით ეს არ დასტურდება. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა რეალურად საკანში, ამ ადამიანს მართლა ფიზიკურად გაუსწორდა ვიღაც, რაღაც უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დავარდა, დაზიანება მიიღო, თუ რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამოძიების პროცესს დავაკვირდებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მან ასევე ისაუბრა უვადო პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2012 წლამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეისწავლა და ამ გადაწყვეტილებებში დასაბუთებისა და მტკიცებულების სტანდარტი მნიშვნელოვნად დაბალია.
„ამ მსჯავრდებულების საქმეები როდესაც ვნახე, 2012 წლამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში დასაბუთებისა და მტკიცებულების სტანდარტი არის მნიშვნელოვნად დაბალი. ამიტომ, ჩვენ 2012 წლამდე არსებული ყველა გადაწყვეტილება შევისწავლეთ. სულ მალე მექნება ამის პრეზენტაცია, შესაბამის უწყებებს წარვუდგენ ამ ანგარიშს, რომელიც უკვე გამოვაქვეყნე და დევს ჩვენს საიტზე. ამ ანგარიშის ფარგლებში დამატებით რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ გადახედილი იქნას ამ ადამიანების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ვინაიდან მესმის, რომ მძიმე დანაშაულებებია ჩადენილი, მაგრამ დღეს ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინათ ამ ადამიანებს, ალბათ, უმეტეს შემთხვევაში სამუდამო მსჯავრი არ დადგებოდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, არის ერთ-ერთი საქმე, სადაც პატიმრის საქმე არის გამქრალი, დაკარგული და არ არსებობს.
„ასეთ შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე. ამიტომ, ვფიქრობ, ამას სჭირდება სისტემურად უფრო მეტი ყურადღების გამახვილება და ამ ადამიანების ბედით დაინტერესება. მესმის, რომ მათ ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, მაგრამ 18-19 წლისამ რომ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და დღეს რომ 45 წლის კაცია, რომელმაც მთელი ეს პერიოდი იცხოვრა, გაატარა დაწესებულებაში და არცერთი შენიშვნა არ აქვს მიღებული, ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა იყოს დაინტერესებული, სამაგიერო გადაუხადოს. სასჯელის მიზანი სამაგიეროს გადახდა არ არის. სასჯელის მიზანია, ადამიანი მოამზადოს, სამართლიანობა აღადგინოს, ის საფრთხე აღკვეთოს და შემდეგ რესოციალიზაცია მოახდინოს. ადამიანი თუ აღარ არის საფრთხის მატარებელი, მას ციხეში არაფერი აღარ ესაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ზოგადად სასჯელის და სასჯელი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სამაგიეროს გადახდა, რომელიც თან, არასოდეს არ უნდა დასრულდეს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთში არსებობს სასჯელის უვადო მსჯავრის გადახედვის მექანიზმები. ზოგადად, დადგენილია ვადა, 15, 20 წელი, როცა ავტომატურად ხდება გადახედვა და უამრავი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო ათავისუფლებს ხოლმე, თუ დადებითი დახასიათება აქვს და პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ ეს კაცი აღარ არის საფრთხის მატარებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.