იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკვრება - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც გუშინ პარტია "მოქალაქეებმა" სახალხო დამცველის კანდიდატად დაასახელა.
მისივე თქმით, არ იცის, როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია.
„მათი მთავარი, ყველაზე დიდი ბრალდება თუ ის არის, რომ ჩემი პერსონა რაღაც ლინკებით უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ იმის წინააღმდეგ, რომ მე ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი. ყველას ვთხოვ, კონკრეტული უფლებების ნაწილში ჩემი განცხადება დადონ, სადაც ჩემი პოზიცია არ იყო დარღვეული უფლებების მხარეს ან რაიმე ფორმით დისკრიმინაციულ პოზიციას შეიცავდა. მესმის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნება, რადგან არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული მიზნებით. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკრება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იგი გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას ფეისბუქპოსტს, სადაც ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის.
„ნინო ლომჯარიას სტატუსს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ სტატუსის ობიექტი მე ვარ, რადგან თუ ვინმე ამ კანონპროექტს აპროტესტებს, ერთ-ერთი ჩვენ ვართ – მე და ალეკო. არ ვიცი, ნინო ლომჯარია რას გულისხმობს. მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. მან საქმიანობა როცა დაასრულა, „პალიტრაზე“ მადლობა გადავუხადე და ვთქვი, რომ კარგი სახალხო დამცველი იყო. არ ვიცი, მას რა ამოძრავებს, როცა ჩემზე ასეთ რამეს წერს. როცა შემეძლო და სადაც შემეძლო, მას მხარს ვუჭერდი პრინციპულ პოზიციებში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.