კულტურის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რომელიც 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა, თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიზეზი კი "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა ბაქრაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაგეკთებული განცხადებაა.
ლაშა ბაქრაძე კი განაცხადა, რომ ის უწყებიდან უკვე დიდი ხანია სამსახურიდან გათავისუფლებას ელოდება.
"სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, თუნდაც ამ მუზეუმის ცნობადობის ამაღლების კუთხით, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ასობით გამოფენა გვაქვს გაკეთებული, გამოცემული გვაქვს მრავალი წიგნი და ვფიქრობ, ჩემი იქ მუშაობა იყო ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც.
ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.