ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ ცვლილებებს დღეს კანონმდებლები მეორე მოსმენით განხილავენ.
სიახლის მიხედვით, მკაცრდება ჯარიმები, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა.
საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. დეპუტატებმა მას გუშინ მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს.
ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის შეფასებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა ემსახურება საზოგადოების დაშინებასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას."
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ ცვლილებებო შეაფასა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ.
"იქნება მიღებული ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის გეგმა, რომელიც არსებობს ქვეყანაში - ქაოსისა და დესტაბილიზაციის გეგმა არ იქნას შესრულებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ახალი, განსაკუთრებული ცვლილებები არ მიგვიღია, უბრალოდ კონკრეტულ, მოქმედ კანონმდებლობაში იქნა დაზუსტებული ჯარიმებისა თუ ადმინისტრაციული სახდელების რაოდენობა, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები და ვალდებულებები, რომელიც უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.