სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენებას ამ წუთებში კობა ლიკლიკაძე აძლევს.
ჟურნალისტისა და სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, კობა ლიკლიკაძის განცხადებით, გამოძიებამ გიორგი ბარამიძის განცხადებების ირგვლივ არსებული ფაქტები და გარემოებები უნდა დაადგინოს. მისი თქმით, აფხაზეთის ომის პერიოდში, როდესაც თავად კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, ქართველი სამხედროების მიერ აფხაზი ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
"თქვენ ძალიან ჭკვიანი, გამოცდილი ჟურნალისტები ხართ და არ გჭირდებათ ჰერმენევტიკოსის დახმარება იმისათვის, რომ დაადგინოთ, თუ რამდენად მძიმეა ეს განცხადება, მით უმეტეს, იმ რეაქციების ფონზე, რაც მას მოჰყვა უკვე ენგურს იქითა მხრიდან. გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება ამ აჟიოტაჟის თუ სკანდალის გარშემო. მე ერთი შემიძლია ვთქვა და გავიმეორო, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მაშინ, როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, ერთხელ როდესაც გაზეთ "საქართველოს" კორესპონდენტი, მერე როგორც უკვე გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, მე არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ, არ მქონია ასეთი ინფორმაცია" - აცხადებს ჟურნალისტი, სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი კობა ლიკლიკაძე.
უკვე გამოიკითხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრი - პაატა ზაქარეიშვილი. გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.
ცნობისათვის: პროკურატურამ გიორგი ბარამიძის გაკეთებულ განცხადებაზე, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო




