ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.
პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
სარჩელის განხილვის პროცესს აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მოპასუხე მხარე სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წესწყობილების დარღვევებზე რეაგირება მათი ვალდებულებაა.
„მოვისმინეთ მოსარჩელის წარმომადგენლის დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეხება სარჩელი, შესაბამისი მტკიცებულებებით და არგუმენტებით გაჯერებული კონკრეტული ბრალდებებითა და მითითებებით. მოპასუხე მხარე არათუ სამართლებრივი არგუმენტებისგან არის დაცლილი, პრაქტიკულად არანაირი ფაქტობრივი გარემოების მითითება არ შეუძლია საკუთარი პარტიის გასამართლებლად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.








