ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათიდან განახლდება. სასამართლო ისევ შუამდგომლობების საკითხის განხილვას დაიწყებს.

 საქმის განხილვა გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, მწვავე კამათისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სხდომათა დარბაზიდან გაძევების ფონზე წარიმართა. ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე სასამართლოს უპატივცემულობისთვის დარბაზიდან გააძევეს. ოპოზიციურმა პარტიებმა მოსამართლეთა აცილების საკითხიც დააყენეს. ამას გარდა, მათ პროცესის შეფერხება არაერთი საპროცესო მოთხოვნით სცადეს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ დაუსაბუთებელი ინიციატივები არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელიც, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე სააკაშვილისა და ხაბეიშვილის დაკითხვა.