საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს ძალადობა. - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტიის" წვერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომელიც სოფელ ცხრამუხაში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საპატრიარქო ერევა ისეთ საკითხებში, რომლითაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

„სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება, არამხოლოდ ეს ხელისუფლება, ცდილობს ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან და ასევე, აქვს დიდი ძალაუფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ფემიციდი, ქალების კვლა, ცდილობს პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას გადააკისროს და არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა აქვს ასეთი ძალაუფლება.

მე არ ვსაუბრობ რელიგიაზე, რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე - საპატრიარქოზე, რომელიც სცდება საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად და ერევა პოლიტიკურ პროცესებში, სწორედ ამიტომ ვაფასებ მას როგორც რუსეთის გაგრძელებას, ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები: მილოცვა კირილის მიმართ, რომელიც ახლახან მოისმინა საზოგადოებამ, ასევე ის, რომ ვერასდროს ცნო უკრაინის ავტოკეფალია, ხოლო მაშინ, როცა პარლამენტში იხილება საკითხები, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის დემოკრატიას, პროგრესს, როგორიც არის მაგალითად, გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში, ამ საკითხებს საპატრიარქო პირდაპირ ეწინააღმდეგება და ერევა პოლიტიკურ პროცესებში ისე, რომ პირდაპირ შეაფერხოს ამ ქვეყანაში პროგრესი, თანასწორობა, განვითარება და ქალთა კვლა,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს საპატრიარქო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გათავაზობთ