მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ანალენა ბერბოკს დახურულ კარს მიღმა ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება , - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

“ქართულ ოცნებაში როლები გადანაწილებულია. არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ მუშტი-კრივის როლი აქვთ, სოციალურ ქსელებში უხამსი პოსტების როლი, რუსული პროპაგანდის გამეორების როლი, ნაკლები სიმწვავის რუსული განცხადებების როლი და ა.შ. ასევე „ქართულ ოცნებას“ აქვს შიგნით გზავნილები, რასაც კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე აკეთებენ და საგარეო გზავნილები.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიზანი, მინისტრის პირველივე განცხადებიდან ცნობილი იყო. ქვეყნის შიგნით და გარეთ არის ზეწოლა, რომ შეიცვალოს საგარეო კურსი, ეს იყო მისი ხედვა. მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ბერბოკს დახურულ კარს მიღმა ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება“,- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა და საგარეო „მესიჯები“ განსხვავებულია და დახურულ კარს მიღმა ისინი „პროევროპულ განცხადებებს“ აკეთებენ.

„ამის მომსწრე პირადად ვარ. როდესაც საპარლამენტო დელეგაციით გერმანიაში მივლინებით ვიყავით, „ქართულ ოცნებას“ სრულიად სხვა რიტორიკა ჰქონდა. ისინი „ლგბტ“ სიტყვას წარმოთქვამდნენ, მაშინ როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმაც კი ეშინიათ.

ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელია შიდა და საგარეო მესიჯები სხვადასხვა იყოს“,- განაცხადა სამნიძემ