არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის იმის ინდიკატორი, თამაშობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვინმეს თამაშს , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„შესაძლოა, პრეზიდენტი მიხვდა, რომ იმპიჩმენტის საკითხი ირაკლი კობახიძის წამოწყებული, მოგონილი არ იყო და იყო ბიძინა ივანიშვილისგან მითითება. ეს მას უთქვამს კიდეც, რომ „ქართულ ოცნებაში“ დამოუკიდებლად არავინ მოქმედებს. ვისაც ეჭვი ეპარებოდა, დაინახა, რომ ის არის ამ ქვეყანაში იმ უმრავლესობის მხარეს, ვინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. არ ეშინია „ქართული ოცნებისგან“ არც თითის ქნევის, არც მუქარების. მუქარაც გვესმის, თითის ქნევაც, შეურაცხყოფაც, მაგრამ პრეზიდენტი ამბობს, არაფრის მეშინია, ჩემი გზა მაქვს არჩეული და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო. ამ ეტაპზე რაც ჩანს, პრეზიდენტის პოზიციონირებიდან და მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით არ შეიწყალებს“, - განაცხადა სამნიძემ.