მხოლოდ იმაზე ხართ ორიენტირებულები, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქროთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაიქვემდებაროთ და ყველაზე მნიშვნელოვანი - კორუფცია და ხალხის პრობლემები განზე გრჩებათ,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით.

„მთელი დროა გვესმის „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ მათ ყველანაირი ბერკეტი აქვთ იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ პარლამენტში. თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო? ვიცი, რომ პასუხი გაქვთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამ ცვლილებებით თქვენ გინდათ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიქვემდებაროთ.

გარდა ამისა, თქვენ ქმნით შეთქმულების თეორიებს, თითქოს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ვიღაც გადატრიალებას გეგმავდა, რაზეც შემდგომში არავინ გამოუკითხავთ, არაფერი გამოუძიებიათ. ამ აბსურდით კვებავდით მოსახლეობას.

მხოლოდ იმაზე ხართ ორიენტირებულები, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქროთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაიქვემდებაროთ და ყველაზე მნიშვნელოვანი - კორუფცია და ხალხის პრობლემები განზე გრჩებათ.

თქვენ დარწმუნებულები არ ხართ, რომ ის უპირატესობა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებით, მართლა გაქვთ და ამიტომ ცდილობთ, რომ ყველა თავისუფალი სივრცე დაიქვემდებაროთ. გარდა ამისა, ცდილობთ საქართველოს პრეზიდენტს დაუპირისპირდეთ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც თქვენს ანტიდასავლურ კამპანიას მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.