საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. ქალბატონმა ხატიამ მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მოხდა სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსზე.
„ამ ნაწილში ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჯამში, დაახლოებით, 100 განცხადებამდე მაინც გვაქვს გაკეთებული, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყო სანქციებთან მიმართებით. არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები საქართველოში. სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, რა ფორმითა და მასშტაბითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. უშუალოდ საქართველოს, სანქციები დაწესებული არ აქვს. საქართველო არის სანქციების აღმასრულებელი და იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს მათ, რა ფორმითა და მასშტაბითაც არის დადგენილი. თუ თქვენი პირადი უკმაყოფილება ისაა, რომ ეს სანქციები არ არის ისეთი მასშტაბური, ან იმ ფორმით არაა, რა ფორმითაც თქვენ სურვილი გაქვთ, შესაძლებელია, მიმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სანქციები დაადგინონ სხვა ფორმით. სანქციებთან მიმართებით, ბევრი მაგალითი და უამრავი გამონაკლისი შემიძლია გითხრათ. ბუნებრივია, საქართველო არ ყოფილა მონაწილე, როდესაც სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობდა. არ ვართ მონაწილე ამ პროცესის, რომ აზრი გამოვთქვათ სანქციებთან მიმართებით, რა ფორმით და როგორ უნდა იყოს, შესაბამისად, ვასრულებთ იმ ფორმით, რა ფორმითაცაა დადგენილი, თუმცა არაერთ ქვეყანას უამრავი რეზერვაცია აქვს გაკეთებული, რომ კონკრეტული საქონელი ან ტრანზაქცია არის გამონაკლისში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განმარტებას ვერ გავაკეთებთ. შესაძლოა, პარტნიორებმა გააკეთონ განცხადება, რატომაა ესა თუ ის ტრანზაქცია ან საქონელი გამონაკლისში, ასეთი გამონაკლისები არსებობს. არ არის ეს საიდუმლო. როდესაც განცხადებას ვაკეთებთ, ვუთითებთ პირველწყაროს, საიდან და რა ფორმითაა სანქციები დაწესებული. როდესაც კითხვა გაჩნდება, უნდა შეხედოთ სანქციებს, რა არის დაწესებული და ხდება თუ არა მის შესაბამისად აღსრულება. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ვერ ერკვეოდეს, რადგან ტექნიკური ნაწილი აქვს ამას, ამიტომ მივუთითებთ ყველას - სანამ დეზინფორმაციას გაავრცელებთ, გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპეტენტურ ორგანოსთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ინდივიდუალურად, თუ პირი გადაადგილდება საკუთარი, თავის თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დღევანდელი დაწესებული სანქციების მიხედვით, ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად. შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება სანქციების შემომღები ქვეყანა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირსაც არ აქვს ესეთი ტიპის შეზღუდვები დაწესებული. ვფიქრობ, კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი გავეცი. თქვენ მიერ დასახელებული კვლევა არ ასახავს რეალობას, ამ კვლევას არ შეუდარებია ის, თუ რა არის დადგენილი რეალურად და რისი აღსრულება ხდება. ჩვენ ყველა განცხადების გავრცელების დროს შესაბამის პირველწყაროს და ბმულებს ვუთითებთ, რათა შევადაროთ, რისი აღსრულება და როგორ ხდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.