ამ ადამიანებთან ჩვენი თანამშრომლობა არც ყოფილა და არც იქნება. მათ ძალიან მძიმე პროცესში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც ხმა მისცეს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, გეგმავს თუ არა, იმ ხუთ დეპუტატთან თანამშრომლობას, რომლებმაც კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

მისივე განმარტებით,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ფრაქციაში უნდა გაარკვიოს, აღნიშნულ ხუთ დეპუტატს რა გარიგება ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“.

„ჩვენ არავითარი კავშირი არ გვაქვს ამ ადამიანებთან. რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მანამდე დარეგისტრირდა. უკანონო იყო, როდესაც ჩვენ არ მოგვცეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება. აღარ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ პოზიციაზე რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირებას. არ მაინტერესებს მათი ფრაქციის და პარტიის პოზიცია. იქნება რეგლამენტში ცვლილებები? ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ ჯგუფს. ამ ადამიანებთან ჩვენი თანამშრომლობა არც ყოფილა და არც იქნება. მათ ძალიან მძიმე პროცესში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც ხმა მისცეს. მოხდა ის, რაც მოხდა. თვითონ უნდა გამოიძიონ. აქვთ მთელი რიგი ანტიკორუფციული ორგანიზაციები შიგნით და შეუძლიათ, კარგად გამოიძიონ, რა გახდა მათი გადაწყვეტილების მიზანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი რომანიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ჩემზე თავდასხმა დიდი ხანია, დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათ შორის თამარ ჩარკვიანის განცხადებებით და ახლა კუთხე შეიცვალა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ჯგუფი გახდა ყველა მხრიდან ფართოდ ცნობილი. მართლა სამწუხაროა, როდესაც ამხელა გამოწვევების ფონზე, მითუმეტეს, პარტიისთვის და მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმედ არის, ფრაქციას და პარტიას ახლა სცალია, ჩემი და ბატონი რომანის პოლიტიკურ ჯგუფზე ისაუბროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დეკანოიძე-გოცირიძის მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არავის არაფერს აბრალებს, თუმცა ეს ფაქტი თუ შედგა, პოლიტიკური კორუფცია იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. ანა წითლიძემ განმარტა, რომ, კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქცის, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იმავე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას.