ამ ვითარებაში რთული იქნება ფრაქციაში ჩემი ყოფნა - მე სრულებით სხვა პოზიცია მაქვს - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჯერჯერობით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ხისტი პოლიტიკური განცხადებები განხილული არ იყოს, მაგრამ გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში რთული იქნება ჩემი ყოფნა, იმიტომ რომ მე სრულებით სხვა პოზიცია მაქვს. სრულიად გულწრფელად და პირდაპირ გეტყვით ამას და ეს იციან ჩემმა მეგობრებმაც, რომ პარტნიორების პოზიცია, მათ შორის ევროკომისიაში, როდესაც კომისიის დელეგაცია შეგვხვდა, იყო საუბარი, რომ პარლამენტში ჩვენი მონაწილეობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია 12 პუნქტთან მიმართებით არსებულ პროცესებში“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, ხოლო ხატია დეკანოიძე ბოიკოტს არ შეუერთდა.