სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მისი რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
რამდენიმე დღის წინ კაჭკაჭიშვილმა დაწერა, რომ 2005 წელს მასთან მივიდა ერეკლე კოდუა და უთხრა: "დაგვეხმარეთ შევარდნაძის მომხრე პროფესურის გამოვლენაში, უნდა გავანეიტრალოთო" დღევანდელ განმარტებაში სოციოლოგი წერს, რომ როგორც აცნობეს ის ირაკლი კოდუა ცნობილი ერეკლე კოდუა არ ყოფილა, თუმცა ის ირაკლი კოდუაც კუდ-ში მუშაობდა. ამის გამო ერეკლე კოდუას კაჭკაჭიშვილი ბოდიშს უხდის, თუმცა დასძენს, რომ მისი პოსტის პათოსი არ იცვლება. "მეგობრებო, ვისაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მოგიყევით 2005 წლის ერთი ძალიან უსიამოვნო ეპიზოდის შესახებ, როდესაც თსუ–ში, ჩემს ოთახში, ირაკლი კოდუა მესტუმრა და ხელისუფლებისთვის არასასურველი პროფესორების დასახელება მომთხოვა... აღმოჩნდა, რომ ის ირაკლი კოდუა არ ყოფილა ცნობილი ერეკლე კოდუა. ამის თაობაზე თსუ–ის რამდენიმე თანამშრომელმა (მაგალითად, ზურაბ დავითაშვილმა) და თავად ერეკლე კოდუამაც მომწერეს. როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფილა კიდევ ერთი ირაკლი კოდუა, კუდის თანამშრომელი, რომელიც თსუ–ს კურირებდა და სწორედ ის მოსულა ჩემთან. მე, ცხადია, ეს ჩინოვნიკი სახეზე ისე მკაფიოდ ვერ დავიმახსოვრე, რომ წლების შემდეგ "ნამდვილი" ერეკლე კოდუასგან გამერჩია.
მოკლედ, პერსონალურად ერეკლე კოდუას ბოდიშს ვუხდი, რომ მას მივაწერე ეს ამაზრზენი ისტორია. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემი სტატუსის პათოსი არ იცვლება. წინა ხელისუფლების რეჟიმი უშვებდა, რომ აკადემიური სივრცე ბრუტალურად ეკონტროლებინა", - წერს Facebook-ში იაგო კაჭკაჭიშვილი.