დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე მოლოდინი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაწეული მუშაობის გათვალისწინებით, ოპტიმისტურია.
"საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული იყოს. პროცესი მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება და მისასალმებელია ის პოზიტიური ნაბიჯები, რასაც სტატუსთან დაკავშირებით ვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსს საქართველო თავიდანვე იმსახურებდა, თუმცა ვიცით, რომ არასამართლიანად მოგვექცნენ და არ მოგვცეს სტატუსი. რაც შეეხება მომავალს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი. ჩვენს მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ რეფორმების განსახორციელებლად. რამდენიმე დღის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს გრძელვადიანი სამუშაო გეგმაა. პროცესი გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა როლი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კახა კალაძემ უპასუხა, რომ კონკრეტული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ამ პროცესს ხელს ყველანაირად უშლიან.
„შეიძლება ეს ყველაზე არ ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ამ რთულ გზაზე ვხედავთ, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, თუნდაც NGO-ების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნულ პროცესს, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და როგორმე საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.