„გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შეფასებისას მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომელმაც ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.

„წუხანდელი ფაქტები ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება გამოეყონ აღნიშნულ მოვლენებს. რაც ხდებოდა, მათი პატრონების მიერ იყო დაგეგმილი. გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ - ვანდალიზმი, ინფრასტრუქტურის დაზიანება. ვერ წარმომიდგენია როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი, რომ ასეთი რამ მოიმოქმედო. თუმცა, ცხადია, ყველა ასეთ დანაშაულს გაეცემა შესაბამისი პასუხის კანონის ფარგლებში.

ყველაფერი არის იგივე, როდესაც ახალგაზრდების რეკრუტირება ხდებოდა აკერმანის წიგნის საშუალებით. მე გაჩვენებთ ფოტოს, სადაც სიძე-დედოფალი ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. ეს არის კიევი, მაიდნის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტო ვითომ ქორწილის ამსახველი. ალბათ, გახსოვთ კადრები, რამდენიმე დღის წინ დადგმული სპექტაკლი, როდესაც სიძე-პატარძალი აქციაზე მივიდა. ეს არის იგივე მეთოდები. ისევ იქ არიან ჩარჩენილი და მიყვებიან აკერმანს საფლავში. ვისაც უნდა გაჰყვეს, გზა ხსნილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გუშინდელი ვანდალიზმის აქცია არცერთ მსახიობს, მომღერალს თუ სპორტსმენს არ დაუგმია, რაც სამწუხარო რეალობაა.

„ამ აქციაზე ზოგი მართლა გულწრფელია, ზოგმა არ იცის რასთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ყველა ამ ქვეყნის შვილები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გავამყაროთ და ასე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, ვზრუნავთ და მომავალშიც ვიზრუნებთ ამ ახალგაზრდებსა და მათ მომავალზე. დარწმუნებული ვარ,  ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. ვაკვირდებოდი და არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა და ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.   დღევანდელ აქციაზე,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს

საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე

ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს

შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.