გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი ევროპარლამენტარების იმ ნაწილის პოზიციას, რომლებიც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

კახა კალაძის თქმით, მისი გუნდი, პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესს დაიცავს.

„ჩვენ გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენ ამას ვისმენთ, უკვე ძალიან დიდი ხანია და ვიღაცებს ჰგონია, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა – ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა დაითმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და ინტერესები. არ გამოვა ასე. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას უნდა შეეგუოს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დღეს მილიონ 120 ათასმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის ბედი, ჩააბარა ხელისუფლება, ქვეყნის მართვა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, ვინც, პირველ რიგში, იცავს ეროვნულ ინტერესს, ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც ასეთი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებს აფასებს ეუთო/ოდირი და ამ ორგანიზაციის როგორც შუალედური ანგარიში, ასევე საბოლოო დასკვნა იყო დადებითი.

„ჩვენ ვისმენთ სპეკულაციურ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებსაც ევროპარლამენტარები აჟღერებენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია და რატომ – არჩევნებს აფასებს ეუთო/ოდირი, იყო საოცარი შუალედური დასკვნა. 2012 წლიდან ჩართული ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, შეხვედროდნენ მოსახლეობას, ძალიან მშვიდი, სტაბილური გარემო იყო და ყველას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. არჩევნების დღეს 25 000 დამკვირვებელი, პარტიების 25 000 წარმომადგენელი და კომისიის 25 000 წევრი იყო, რა გაყალბებაზეა საუბარი?! 2000-მდე უცხოელი დამკვირვებელი, რომელთა განცხადებებს ვისმენდით პირდაპირ ეთერებში, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და იყო მრავალპარტიული. სხვა სპეკულაციური პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა და თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.