ქართულმა ოცნებამ ძალიან მაგარი შედეგი დადო და ეს პირველ რიგში იმ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ღირსებას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის „უცხოელმა პატრონებმა“ თავის მხრივ, სერიოზული შედეგი დადეს - ნაციონალური მოძრაობის ხმები გადაანაწილეს გახარია-ხაზარაძე-გვარამიას პარტიებზე, რითაც ცდილობენ შექმნან სურათი, თითქოს „ნაცმოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ.

„ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მათ არ გაუაზრებიათ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, ამ ქვეყნის მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას და არა გარედან ვიღაცების კარნახით და ასე იქნება მომავალშიც. რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ ძალიან მაგარი შედეგი დადო და ეს პირველ რიგში იმ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ღირსებას. ხალხი ხედავს საფრთხეებს, ხედავს გამოწვევებს თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ რეგიონში მაგრამ არ ვიქნებით ჩვენ სწორი და მართალი, თუ ჩვენს მოწინააღმდეგეებს არ შევაფასებთ. არ ვსაუბრობ ქვეყნის შიგნით წვრილფეხა რადიკალებზე, ე.წ. პოლიტიკოსებზე, მათ აზრიც არ მოეკითხებათ. მინდა მათ პატრონებზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა - სერიოზული შედეგი დადეს და რა თვალსაზრისით: მათ დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ქვევით დაეწიათ, ნაცმოძრაობის ხმები გადაუნაწილეს სხვა პარტიებს. ნაციონალური მოძრაობის ის ძირითადი ბირთვი გადანაწილდა გვარამიაზე, ხაზარაძეზე, გახარიაზე. მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ნაციონალური მოძრობა კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არიან ახალი პარტიები. თუმცა ინდივიდუალურად პიროვნებებზე თუ დ დავალთ, ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული კრიმინალები და რადიკალები არიან. თუნდაც, გვარამია ნაციონალურ მოძრაობის პროკურორი იყო და მის გვარს რომ ახსენებ, ასოცირდება ყველანაირ ბოროტებასთან და სიბინძურესთან“, - აღნიშნა კალაძემ.