პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ეს ყველას დამსახურება იქნება.
„დღეს საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება და სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი, ყველას დამსახურება, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, ცდილობენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ხელის შეშლა მიდის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ის მესიჯი, რომელიც ახლა იქნა გახმაურებული, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაში არ იქნება, რადგან ეს არის ხალხის დამსახურება, საინტერესოა, ორი თვის წინ რა, ცუდი ხალხი იყვნენ ქართველები? მაშინ რატომ არ მისცეს სტატუსი, რა იყო ამის მიზეზი? იქნებ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა არ მოეწონათ, დღეს კი განსხვავებული ადგილმდებარეობა გვაქვს და ამის გამო მოგვცემენ სტატუსს? მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ის წლები არ არის, კონკრეტული ორი მედიასაშუალება რომ აწვდიდა საზოგადოებას ერთ ინფორმაციას სააკაშვილის დროს და რეალობაზე ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო.
დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, უამრავი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს მსოფლიოში უმძიმესი ვითარებაა, განსაკუთრებით რეგიონში რა ხდება. ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. თუ ამისთვის უნდა დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა, რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, არ ვიცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.