თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს. 

"მართლა შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რომელსაც ერთეული ევროპარლამენტარები აკეთებენ და კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს. გულწრფელად ვამბობ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინონ 2024 წელს.

ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევრო პარლამენტარი. ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ და ვიცით,  რა არის ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები, გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება. რომელი ერთი არ არის დაცული ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ხომ  შედარებითია და რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში? რა მდგომარეობა იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა უბედურება გამოვიარეთ და მაშინ ამას დემოკრატიის შუქურად აფასებდნენ“ - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE"