ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე გამოეხმაურა სუსის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც საქართველოში რევოლუციური სცენარის მომზადებას ეხება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას.

„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლები გაყალბდა. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა. ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც ამ ორგანიზაციის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება და ველოდებით ახსნა-განმარტებებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი,  იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. საქართველოში  USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების მიზანი იყო ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადება