ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რომლებიც დამკვირვებლებმა აღრიცხეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.

„ჩვეულებრივ როდესაც დამკვირვებლებს სჯერათ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ისინი ამას ამბობენ, მათ არ უთქვამთ არც საპირისპირო, თუმცა არ უთქვამთ არც ის, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო პროცესის მართვა, ამას გააკეთებენ გამჭვირვალედ. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რომლებიც დამკვირვებლებმა აღრიცხეს. თქვენ მხოლოდ ანგარიშის წაკითხვა გჭირდებათ, სადაც არის გრძელი სია იმისა, რაც მიიჩნევა, რომ არ არის კარგი არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინა დღეებშიც. დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთელი პროცესი აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი, პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებთან დაკავშირებით, პირადობების დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევით, დაშინებით, ამომრჩევლების მიერ თავისუფლად ხმის მიცემასთან დაკავშირებული შეშფოთებებით. წაიკითხეთ ანგარიში და შემდეგ გააკეთეთ საკუთარი დასკვნა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.