პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი.
მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს, სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.
ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც, მესამე ტური გაიმართება. კერძოდ, დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, ხუთი ხმა მიიღო რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკალაშვილს მხარი დაუჭირა ექვსმა დეპუტატმა, ლევან ნემსაძეს ხმა მისცა პარლამენტის 10-მა წევრმა, ხოლო ნინო ნიშნიანიძემ მიიღო 11 ხმა.
კენჭისყრების დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარებულიყო და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გამართულიყო.
„რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომლებიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა“, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. მათგან რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.