იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოუსმინა და მხარი დაუჭირა.

კანდიდატის მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გასაუბრების პროცესში შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის: მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სასამართლოსადმი გაზრდილ მიმართვიანობასა და გადატვირთულობაზე, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატის გაფართოებასა და  „ვეტინგის“ სისტემაზე.

 ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

  კანდიდატის მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.