იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

 სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.

 „ჩვენ, სამუშაო ჯგუფში ჩართვა აბსოლუტურად ყველას შევთავაზეთ, როგორც პარტიების წარმომადგენლებს, ასევე უფრაქციო დეპუტატებს. ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან არასაპარლამენტო სუბიექტებიც და ამ შემთხვევაში ესენია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 13 წევრი ეყოლება, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებს „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ თითო - თითო წევრი. ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებს  სამუშაო ჯგუფში ჩართვასთან დაკავშირებით კომიტეტისთვის არ მიუმართავთ.