იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმა კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

სამოქმედო გეგმა ხუთ თავად იყოფა. პირველ და მეორე თავებში წარმოდგენილია კანონშემოქმედებითი მიმართულებით და საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია. მესამე თავში მოცემულია პარლამენტის მიერ ასარჩევი იმ თანამდებობის პირთა საკითხების განხილვის თაობაზე ინფორმაცია, რომელთა არჩევის საკითხსაც  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. სამოქმედო გეგმის ბოლო ორი თავი ეთმობა კომიტეტის ღიაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ორგანიზაციული საკითხებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს.