მე და ქართველ ხალხს არ გვჯერა, რომ ხაბეს, „ჭიჭეს“, სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ შეცდომების გამოსყიდვის მცდელობა აქვთ.

„რადიკალებს წინა სამუშაო ჯგუფებში შესვლა არ აინტერესებდათ, მათი მიზანი მხოლოდ ქაოსი, დაძაბულობა და არეულობა იყო. ეს იყო მათთვის ამოსავალი, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ჩვენ ქართველ ერთან ერთად ორივე ფეხზე მყარად დავდექით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ. ეს ხელმოცარულები მიხვდნენ რა, რომ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლა წააგეს, შეცდომების გამოსყიდვის მცდელობა აქვთ. ცდილობენ, ხალხს დაანახონ – მზად ვართ, მუშაობა გვინდა, სად არის მმართველი პარტიაო? გჯერათ, რომ ხაბეს, „ჭიჭეს“, სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ? – მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა.

რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში განახლდება და კეთილი ინებონ, დაესწრონ და ჩაერთონ. მიეცემათ შანსი, რაღაც ქმედითი გააკეთონ – შემობრძანდით, დაესწარით კომიტეტებს და თქვენი ინიციატივები წარმოადგინეთ. ახლა სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობა არ ჩანს და მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში წარიმართება. კეთილი ინებონ და მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში. თუ ჩავთვლით, რომ კომიტეტის გარდა, კიდევ არის სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობა, კი ბატონო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.