დასრულებულია იმ პარტიის პოლიტიკური საქმიანობა, სადაც წამყვან პოზიციებზე მერაბიშვილი და კეზერაშვილი იქნებიან - ჩემი ხაბე მეცოდება, რამდენი იწვალა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილის ბრძნული აზრებისთვის არ მომისმენია, მაგრამ ე.ი. რაღაც მზადება აქვთ, კონკრეტული შედეგი დაიდოს და ჩვენ შედეგს უკვე ვხედავთ. ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, განახლების სიმბოლოს ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს. ეს ძალიან მაგარია. რას ელოდებიან, არ ვიცი. ვანო მერაბიშვილზე საუბარში დროს ვკარგავთ, რადგან ეს ძალა წარსულია. უკვე მათ მხარდამჭერებშიც კი წარსულია. მადლობა, ბიჭებო, იმ შედეგისთვის, რომ აქციაზე ათი კაცი დადის. დამთავრებულია იმ პარტიის პოლიტიკური საქმიანობა, სადაც პარტიაში წამყვან პოზიციებზე იქნებიან მერაბიშვილი და კეზერაშვილი. თუ უნდათ, პარტიამ პოლიტიკური საქმიანობა დაასრულოს, ეს ორი უნდა ჰყავდეს. ჩემი ხაბე მეცოდება, რამდენი იწვალა და ბოლოს იქამდე ჩამოვიდა, რომ მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ, მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა, ახლა ათი ადამიანი დასდევთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“განაცხადა, რომ „მთავარია, მოხდეს პროტესტების ორგანიზება - ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი... ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ“.