საზოგადოებაში უკვე ლეგიტიმური კითხვებია, რატომ არის საჯაროობა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია უნდა მივიდეს კომიტეტებზე და კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთოს.
„ყველაფერს რომ თავი დავანებით – პოლიტიკას, პოლიტიკურ გემოვნებებს, რუსულის, ევროპულის, ჩინურის ძახილს, ერთი ძალიან მარტივი მოცემულობაა. ამ ქვეყანაში და საერთოდ, დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს ფინანსები, ქვეყნის შიგნით აკუმულირებული თუ გარედან შემოსული, რომელიც არ არის საჯარო, გამჭვირვალე და აღრიცხული.
ეს არის ფუძემდებლური პრინციპი, რომლითაც ათეული წელია, ცხოვრობს ყველა დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო. არა მარტო ბოლო წლებში მიიღეს და ბოლო წლებში ხდება საფრანგეთში, ევროკავშირში, ინგლისში, ლობიზმსა და სხვა ამგვარ საკითხებზე კანონმდებლობის გამკაცრება, არამედ ათეული წელია, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნებისმიერი საჯარო ფინანსები არის გამჭვირვალე, აღრიცხული და სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის ნათელი. აქედან გამომდინარე, ელემენტარული პრინციპია, რომელიც საქართველოში ბოლომდე უნდა დამკვიდრდეს, მეტი არაფერზე არაა საუბარი.
საუბარი არის მხოლოდ იმაზე, რომ თანხები, რომელიც გამოყოფილია საჯარო ინტერესებისათვის, იყოს საჯარო. დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა როცა იწყება, შემთხვევით ამოტივტივებული კონკრეტული ფაქტები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია, საჯაროდ დეკლარირებილი თანხები რეალურად, სულ სხვა მიმართულებით გამოიყენებოდეს. აქედან გამომდინარე, რომ არ არსებობდეს კითხვები, ცდუნება, საჯაროობის პრინციპი თანაბრად იყოს დაცული, საოზგადოების ყველა სეგმენტზე გადანაწილებილი. სწორედ ამისთვის არის საჯაროობა საჭირო.
საზოგადოებაში უკვე ლეგიტიმური კითხვებია, რატომ არის საჯაროობა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ პუნქტობრივად გამოვაქვეყნეთ ძირითადი პოსტულატები, რაც კანონით არის გათვალისწინებული და ნათელია, რომ საუბარია ელემენტარულ გამჭვირვალობაზე.
ოპოზიციამ რა დაუპირისპირა ამას? დაუპირისპირა ისევ იარლიყების მიწებება და ტყუილებით მოსახლეობის შეშინება, დაზაფვრა. ამიტომ ვამბობთ, რომ მობრძანდნენ კომიტეტებში განხილვაზე და ყვირილის, იარლიყების გარეშე, პუნქტობრივად წავიკითხოთ. ამის შემდეგ წავიკითხოთ რუსული, ამრიკული, ფრანგული, ესტონური, ინგლისური კანონები და თქვან, რომელიმე ჩვენს კანონზე უფრო ლოიალური, რბილი, ევროპული თუ არის. საქართველოს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოვიყენოთ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტები, თან ყველაზე რბილი, ლოიალური და ტრანსფარენტული, დამნდობი პროცედურები. ლოზუნგით, რომ რუსულია, საზოგადოებაში ფონდ ვერ გახვალ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.