მაკრონის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ეს ომი უკრაინისთვის, რუსეთი არის მოცემულობა და ამ მოცემულობასთან, მათ უნდა ჰქონდეთ პრაგმატული ხედვა და დამოკიდებულება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ევროპისთვის სასარგებლო იქნებოდა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების ხელახლა დაწყება.
ქადაგიშვილის თქმით, პრაგმატული ხედვა და დამოკიდებულება გაცილებით ადრე რომ ყოფილიყო, მაშინ ალბათ, არ იქნებოდა ის ომი, რომელიც ასე მძვინვარედ მიმდინარეობს.
„როგორც ნათქვამია, ყველა ომი, საბოლოო ჯამში, ასე თუ ისე, ზავით და მშვიდობით მთავრდება და ცხოვრება გრძელდება - ასეთი ჩვეულებრივი, ბანალური თემაა, მაგრამ რეალობაც ესაა. ეს თემა მუშაობს დიდ პოლიტიკაშიც. ამიტომ, მაკრონის ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ეს ომი უკრაინისთვის, რუსეთი არის მოცემულობა და ამ მოცემულობასთან, მათ უნდა ჰქონდეთ პრაგმატული ხედვა და დამოკიდებულება. ეს პრაგმატული ხედვა და დამოკიდებულება გაცილებით ადრე რომ ყოფილიყო, მაშინ ალბათ, არ იქნებოდა არც ის ომი, რომელიც უკრაინაში ასე მძვინვარებს, მიმდინარეობს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.








