კიდევ ერთხელ ფაქტობრივად მტკიცდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო ერთადერთი სწორი, უალტერნატივო პოზიცია, რამაც საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის პირობებში მშვიდობიანად გამოატარა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, რა განცხადებებიც კეთდება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა დღეს საქართველო და როგორ უნდა იმოქმედოს სამომავლოდ საქართველოს ხელისუფლებამ?“

ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ ამჟამინდელი პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი გინდა თუ არა, გარკვეულ გეოპოლიტიკურ სურათს ცვლის და მათ შორის, ევროპაში ერთგვარი თამაშის წესებიც იცვლება. ამაზე ნათლად მეტყველებს მათ შორის აშშ-ს ადმინისტრაციის ახალი უსაფრთხოების კონცეფციაც. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ფაქტობრივად მტკიცდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო ერთადერთი სწორი, უალტერნატივო პოზიცია, რამაც საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის პირობებში მშვიდობიანად გამოატარა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველო არათუ დანაკარგებით, არამედ როდესაც ეს ომი და ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობა დასრულდება, შეხვდება როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს წარმატებული ეკონომიკა, სტაბილურობის და პოლიტიკური მდგრადობის მაღალი კოეფიციენტი გააჩნია. ეს არის ის, რითაც საქართველომ თავისი შემდგომი განვითარება უნდა გააგრძელოს და უზრუნველყოს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.