პარლამენტის ახალ რეგლამენტს განიხილავენ დღეს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე. ახალი პროექტით, ორმაგდება სხვადასხვა ანგარიშვალდებულ პირთა ინტერპელაციების რაოდენობა - შესაბამისად, დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი".

 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით დაახლოებით მსგავსი პრაქტიკა მკვიდრდება, როგორიც ევროპაშია მიღებული.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა საზოგადოებისთვის, გახლავთ ის, რომ იზრდება ინტერპელაციების რიცხვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სასესიო კვირაში, საშუალება ჩნდება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხისათვის მოწვეული იყოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და სხვა ანგარიშვალდებული პირები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. უქმდება მინისტრის საათი, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ასე რომ ახლა დაახლოებით იგივე პრაქტიკა მკვიდრდება, რასაც ჩვენ ევროპულ პარლამენტებში ვუყურებთ-ხოლმე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.