ალაქ თბილისის პროკურატურაში  თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  ბრალი წარუდგინეს.

"სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო იქნება გამოყენებული.

"თავის პოზიცია ნათლად გამოხატა იმის გამო, თუ რატომ არ მივიდოდა, რომც ჩაჰბარებოდა ეს დოკუმენტი. წაიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ეს ყველაფერ დააფიქსირა და ეს ახლა სტანდარტული პროცედურაა - ბრალი, მერე გადავალთ სასამართლოში, სავარაუდოდ, აღმკვეთ ღონისძიებაზე. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ ისევ გირაო იქნება გამოყენებული", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის  მიმართ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო - მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა. რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა. კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.  

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.  ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა. 

ასევე,  2025 წლის 2 აპრილის იგივე ბრალდებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა