პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სეკიურიტიზაციის  შესახებ“ კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის  ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა  გამართა. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა  წინასწარ, კანონპროექტის განხილვამდე  სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რისი  ტრადიციაც  კომიტეტს აქვს.

 ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვებს პარლამენტი მომავალი წლიდან დაიწყებს. „ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, ვფიქრობ, კანონპროექტი  საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კაპიტალთან ხელმისაწვდომობას ზრდის და რესურსების ალტერნატიული მოძიების საშუალებას იძლევა,“ -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 განხილვაში მონაწილეობდნენ:  პარლამენტის წევრები,  აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლები და ექსპერტები. 

 პარლამენტში კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის  ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობითა  და   USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.