​პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და, პრაქტიკულად, ყველა კითხვას გასცა პასუხი.
"ქრონოლოგიურად აღწერა, რომ ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დოკუმენტურად აფიქსირებდა ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გამოწვეული რისკების ზრდას და კორპორატიულ მართვაში არსებულ პრობლემებს.„თიბისი ბანკის“სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობას ეროვნული ბანკი უშედეგოდ ითხოვდა 2015-2018 წლების განმავლობაში, 2019 წელს კი გამოიყენა რეგულატორისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, „თიბისი ბანკმა“ სრულად გაითვალისწინა ეროვნული ბანკის მოთხოვნები, გამოაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაცია და გადაიხადა ჯარიმა. „საკითხი ამოწურულია. ერთს დავამატებ: თავად “თიბისი ბანკის” აუდიტორმა, დიდ ოთხეულში შემავალმა აუდიტორულმა კომპანია ,,ფრაის ვოთერჰაუსკუპერსმაც“ სამართლიანად და კანონიერად აღიარა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სანქციის გამოყენება”, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. ​როგორც ცნობილია, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოხსენებით წარდგა. მას დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს, რის შესახებაც გვენეტაძემ განმარტებები გააკეთა.