სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს განცხადება გააცნო. 

"მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა.


სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში - ევროპარლამენტმა მიიღო მეშვიდე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად; საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან; ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მსჯელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ; ბოლოს კი, ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა - რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან? ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას.
დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.